სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არავის არ უთქვამს, რომ რეალურად ხვალ, ზეგ შეიძლება საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ.
,, არც არავის არ უთქვამს, რომ რეალურად ხვალ, ზეგ შეიძლება საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ. მაგრამ ძალიან აქტიურად და ინტენსიურად განიხილება ეს საკითი და ერთსულოვნება არის. მიმაჩნია, რომ ეს არის ნატოს პრესტიჟის საქმე, ნატოს პოლიტიკის ურყეობის დემონსტრირების საქმე. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების ურყევ პოლიტიკას ადასტურებს", _განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ნატო-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია იმაში, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციაში შესაბამისად ჯეროვნად უნდა იყოს ასახული ნატო-ს გადაწყვეტილებებში.
,,ასე რომ, ხელების ჩამოშვების და ყურების ჩამოყრის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩასაფრებულებს, იმედგაცრუებულებს შემიძლია ვუთხრა, რომ დაელოდონ, ყველაფერი წინ არის", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას.
"არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატოს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - განაცხადა ობამამ.
მისივე თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერა გაუწიონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ დასავლეთის პრინციპებს და იდეალებს.
,,ამიტომ ყველა ზომას მივმართავთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას - მის არჩევნებს, მის ეკონომიკას და გავაგრძელოთ რუსეთის იზოლაცია იმ ნაბიჯებზე საპასუხოდ, რომლებიც მან გადადგა", განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.