,,ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან", _ამის შესახებ ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომელმაც განმარტება FBI-ის დასკვნაზეც გააკეთა.
"არსებობს FBI-ის დასკვნა. ეს არის ტექნიკური ექსპერიმენტი, რომელიც "ნიკალას" მუშაობასთან დაკავშირებით ჩატარდა. მათ ასევე გამოკვლეული აქვთ სისხლი და დაადგინეს სისხლში კარბოქსიგემოგლობინის ოდენობა. ეს ორი კონკრეტული დასკვნაა ამ საქმეში. გარდა ამისა FBI -ის რამდენიმე ნივთმტკიცებაზე შესწავლილი აქვს დნმ-ის არსებობა, რომელიც არანაირ სურათს არ იძლევა, რადგან არასრული შესწავლა - ბევრად მეტი ნივთმტკიცება არსებობს და ეს სრულ სურათს არ იძლევა. რაც შეეხება დაწერილ დასკვნებს, დასკვნები ჩვენ განსაჯაროებული გვაქვს ცხრა წლის წინ. ეს დასკვნები პირადად მე განვასაჯაროვე. ტექნიკურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერიმენტის დროს გამათბობელი აბსოლუტურად გამართულად მუშაობდა და არანაირი სასიკვდილო გარემოება არ შექმნილა. ამაზე ქართულ თარგმანში ეწერა, რომ CO-ს დონემ ოთახში უმოკლეს დროში მიაღწია და გადააჭარბა სასიკვდილო დონეს, რაც იყო ტყუილი და შემდეგ ეს თარჯიმნის შეცდომას დააბრალეს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამოძიებაში ბევრი ახალი მტკიცებულებაა. ის მასალები, რომელმაც ინტერნეტით გაჟონა, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან იქ დაფიქსირებულია ისეთი დაზიანებები და ის კადრები, რომელიც, როგორც ჩანს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ. დაზიანებები დაფიქსირებული იყო ვიდეო-კასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, მათ ყურადღებით არ გაანალიზეს და არ ნახეს. გამოქვეყნებული კადრები ვერანაირად ვერ ხსნის იმ სულელურ ვერსიებს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საუბრობენ", - განაცხადა ჟვანიამ.