ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ყოფილი პრემიერის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალაზე განმარტებას აკეთებს. როგორც ნინო ჟვანია აცხადებს, აღნიშნული მასალები მას გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ ჰქონდა.
,, რაც შეეხება გავრცელებულ მასალებს, ეს მასალები მე გამოძიები პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მასალებში მოხვდა არის ის, სადაც ტუჩი გადმოწეული აქვს და სისხლჩაქცევა ჩანს. ეს ფოტო მე რომ შემხვდა მივედი და ადეიშვილს ვუთხარი, ასეთი ფოტო, ასეთი დაზიანებით არსებობს. ადეიშვილმა მითხრა მომიტანეთ ფოტოები, მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მითხარით, რა უნდა მექნა", _განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ ვიდეო პორტალ იუთუბზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გუშინ გავრცელდა მასალა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია. პროკურატურის ინფორმაციით, გავრცელებული მასალა ავთენტურია.