კოალიცია ქართული ოცნების წევრი ირაკლი სესიაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილმა ჟვანიას ოჯახს კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენა.
,,შეურაცხმყოფელია ჟვანიას ოჯახის მიმართ განცხადებები. შეურაცხმყოფელია იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჭორაობა დაიწყო იმის გამო, რომ როგორმე თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და რაღაც გამოსავალი იპოვოს. საუბრობს თემაზე, რომელიც საქმისთვის არაფერის მომტანი არ არის", _განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.
"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო. თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, ჟვანას გარდაცვალებამდე რამდენჯერმე ესაუბრა და საღამოსაც, როცა ნახა, ძალიან ბედნიერი და კარგ ხასიათზე იყო.
"შემდეგ დამირეკა კობა ხარშილაძემ, რომელიც ახლა დაჭერილია, რომ ეს უბედურება მოხდა და ზურაბი გარდაიცვალაო. რეკავდა ზურას ტელეფონით და რომ ავიღე, ხო ზურა მეთქი. ეს იყო წარმოუდგენელი შოკი ჩვენთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
დღესვე გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე მისი და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.