ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", სამართლიანობის აღდგენის პროცესში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და ყურადღებას დაუთმობს საკითხებს, რომელიც სამინისტროს საქმიანობის მიმართ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს.
ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტი დრო გადის, თეა წულუკიანის უწყების არაეფექტური მუშაობის მიმართ, სულ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცესში, მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა დღემდე საზოგადოების მნიშვნელოვანი მოლოდინები არ გამართლებულა. „სამართლიანობის აღდგენა" რჩება პოლიტიკური ტერმინოლოგიის ნაწილად, ამ მიმართულებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი, საზოგადოების უმრავლესობის უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.
ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს და ჩამოთვლის საკითხებს, რომლის განხორციელებაზეც პასუხისმგებლობა, თეა წულუკიანის უწყებას ეკისრებოდა და დღემდე ეკისრება:
1. სამინისტროს სასამართლო რეფორმის განხორციელებისას, მოსამართლეთა გამოსაცდელი 3-წლიანი ვადის ინიცირების პროცესში, მეტი ყურადღება უნდა დაეთმო, სასამართლო დამოუკიდებლობის საფუძვლებისთვის. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მიუკერძოებლობა, მთლიანად პიროვნების პროფესიული და პიროვნული კეთილსინდისიერების საკითხზეა დამოკიდებული და ინიციატივის განხორციელების დროს, ნაკლებია მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები.
2. სამინისტრომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე უარით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ფაქტობრივად შეაჩერა, რაც პირდაპირ მიუთითებს ამ მიმართულებით, არაფექტური მუშაობის შედეგებს.
3. სამინისტროს მეტი ჩართულობა მოეთხოვებოდა ცნობილი საქმეების მიმართ, რომელთა ნაწილიც, დღეს არ არის დასრულებული, ბევრი მათგანი გაუხსნელია და არ არსებობს განჭვრეტადობა, სახელმწიფო რა გონივრულ ვადებში შეძლებს სისხლის სამართლის საქმეებზე დაზარალებული ოჯახის ინტერესების დაკმაყოფილებას.
4. სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში, პროკურატურის საქმიანობის მიმართ შეფასების სუსტმა მექანიზმმა, მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ბრალდების მიმართ ნდობის საკითხი დააყენა. სამინისტროს კომპეტენციის ხარისხზე მიუთითებს, ერთი წლის მანძილზე, ორი მთავარი პროკურორის შეცვლის ფაქტიც, რითაც სწორი საკადრო პოლიტიკის პრობლემა გამოიკვეთა.
5. სამინისტროს შემადგენლობაში საკადრო პოლიტიკის მიმართულებები მიუთითებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ სისტემას კვლავ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის კადრები მმართავენ. არაფერი შეცვლილა სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარ სამართლის იურიდიულ პირებში. შესაბამისად, პოლიტიკურ ოპოზიციას გააჩნია შესაძლებლობა, კვლავ აკონტროლოს სახელმწიფოს სერვისების მენეჯმენტი და დაცული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
6. სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არაჯეროვანია სისტემაში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე რეაგირება. მაგალითისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ირაკლი ქველაძის საქმე, რომელიც განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ირაკლი ქველაძე იუსტიციის სახლში არსებული პრობლემების გასაჯაროებისა და განსხვავებული სამოქალაქო პოზიციის გამო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსმა, იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის დირექტორებთან შეთანხმებით, ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, თუმცა არაერთი წერილობითი კომუნიკაციის შედეგად, მინისტრმა თეა წულუკიანმა, საკითხზე რეაგირება არ მოახდინა.
7. ინტერესს იწვევს სამინისტროს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პრემიების, სამივლინებო და სხვა ღონისძიების ხარჯებიც. ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობს და შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
8. სამინისტროს არ გააჩნია აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რასაც ცხადყოფს ავტორიტეტული IDFI-ის ბოლო კვლევის შედეგები. ამასთან, არ არის ჯეროვანი კომუნიკაცია ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათი ცვლილებებში თანამონაწილეობისა და მოსაზრებებისთვის.
„ახალგაზრდა ადვოკატები" 2013 წლის აგვისტოდან მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა მონაწილეობა მიიღოს პროექტ: „ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან" ფარგლებში, თუმცა დღემდე მინისტრი პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ორგანიზაცია სურვილს გამოთქვამს, სწორედ დიალოგის ფარგლებში იქნეს განხილული ყველა პრობლემატური საკითხი, რომელიც არსებობს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც სამოქალაქო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.