„ჩვენ რთული და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხოლო რამდენად ლეგიტიმური და ეფექტიანი იქნება ჩვენი რეაგირება, დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველო ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიზნებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს პრემიერმა სამიტის მონაწილეებს, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მოუთხრო. მისი განცხადებით, 2012 წლის სამიტის შემდეგ საქართველომ გაააქტიურა მუშაობა ქვეყანაში, რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბირთვული მასალების კონტრაბანდისა და ბირთვული ტერორიზმის პრევენციის კუთხით. კერძოდ - გააფართოვა ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა, განავითარა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და გააღრმავა საერთაშორისო თანამშრომლობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განმტკიცების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ევროკავშირთან, ნატოსა და ეუთოსთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობებთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, თვითკმაყოფილება გაუმართლებელია, ვინაიდან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
„ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვისპირეთის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, აქაც კონტრაბანდის საფრთხე საკმაოდ რეალურია. ეს საკითხი პრობლემატურია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც ზოგადად. მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ, რათა სათანადო ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს.
მასალის გამოყენების პირობები