პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს ვერ შეაფერხებს. როგორც საკითხის კომენტირებისას საყვარელიძე აცხადებს უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა დასავლეთის აზროვნებაზე გავლენა მოახდინა.
,,ნაციონალების" მხრიდან არაერთი პოზიცია გამოითქვა, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება შემაფერხებელი ფაქტორი იქნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში, რაც საეჭვო მეჩვენება. საეჭვოა მარტივი მიზეზი გამო თავისთავად უკრაინის მოვლენებმა, თუ შეიძლება ითქვას, დასავლეთის პოლიტიკურ აზროვნებაზე გავლენა იქონია. ამასთან არაერთხელ გაიჟღერა პოზიციამ, რომ დასავლეთმა უკრაინა ტიმოშენკოს გადააყოლა და ეს ხშირად ევროპის კრიტიკის საგანი იყო. ანალოგიური თემაა საქართველოში მიხეილ სააკაშვილიც", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
პრკურატურის ინფრმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანისა და ლევან ბუხაიძის მიმართ 2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტს, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.
"ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ ვინაიდან მთელ რიგ საქმეებზე გამოძიება შესულია დასკვნით ფაზაში და პროკურატურა დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სახით დაკითხვა აღნიშნულ საქმეებზეც. საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლებზეც დგას მ.სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა:
2008 წლის თებერვალში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ტელეკომპანია ,,იმედში'' შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლებისა და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე, რაც დასრულდა 2011 წლის 6 ივლისს, საქართველოს ხელისუფლებასა და ა. პატარკაციშვილის ოჯახს შორის მემორანდუმის გაფორმებით;
2009-2012 წლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე;
პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ისა და ტელეკომპანია ,,მზე"-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე;
2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისათვის" ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას, გ.კრიალაშვილის ლიკვიდაციის, ლ.ამირიძის და კ.ოთანაძის დაჭრის ფაქტზე;
2012 წლის 24 თებერვალს სახელმწიფოს კუთვნილი შპს „აგრომეტი"-ს (აგრარული უნივერსიტეტის) ქონების გაფლანგვის ფაქტზე.
2012 წლის 31 ოქტომბრის პრეზიდენტის განკარგულებით მისი ბიძის თ.ალასანიასთვის უპირატესობის მინიჭებით, სახელმწიფო ქონების შპს „ბეზეკზე" უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე.
2012 წლის თებერვალში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ტელევიზია ტვ-25-ის საარჩევნო პერიოდში გაკონტროლების მიზნით, მისი დამფუძნებლებისათვის 3 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემის ფაქტზე.
2011-2012 წლებში, მაღალი თანამდებობის პირების ორგანიზებითა და მონაწილეობით „ქართუ" ბანკის ხელოვნურად გაკოტრების მიზნით, ბანკში იპოთეკით დატვირთული ქონების თვალთმაქცურად გასხვისების გზით გადამალვის ფაქტზე".