ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალების გაუსაჯაროებლობა მისი მეუღლის, ნინო ქადაგიძე ჟვანიას მოთხოვნა იყო და რამდენად შეასრულებს ოჯახის და მეუღლის პირობას ეს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ის, ნინო ქადაგიძე ჟვანია და მიხეილ მაჭავარიანი 2005 წლის მეორე ნახევარში ერთად გაეცნენ საქმის მასალებს.
"ალბათ გაჩნდება კითხვა, თუ რატომ გაეცნო ხათუნა გოგორიშვილი ამ მასალებს. მაშინ, როდესაც მე პროკურატურაში წავედი, დამირეკა ნინო ქადაგიძემ და მთხოვა წავყოლოდი. როგორც თავად მითხრა, მას დაურეკა იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მიიწვია მასალების გასაცნობად. ნინოს შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ვინმე თან მიეყვანა, უპასუხა, რომ შეეძლო მიეყვანა ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა. მე და მიხეილ მაჭავარიანი ვახლდით და სამივე ერთად გავეცანით ამ მასალებს, დასკვნას და ფოტომასალას, რისი ნაწილიც იყო ატვირთული "იუთუბიზე". მაშინ ნინომ დასვა ასეთი შეკითხვა, არსებობს თუ არა აუცილებელი პროცედურა იმისათვის, რომ გასაჯაროვდეს. კანონის რომელიმე ნორმა ხომ არ არის, რომელიც ითხოვს სავალდებულო გასაჯაროებას, რაზეც ზურამ უპასუხა, რომ სავალდებულო გასაჯაროებაზე მსჯელობა მხოლოდ ოჯახის, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით შეიძლებოდა. მაშინ იყო საუბარი, რომ ნინოს სურვილია, ეს მასალები არ გასაჯაროვდეს. ადეიშვილმა თქვა, სანამ ჩვენი ხელისუფლება იქნება, არ გასაჯაროვდებაო. ეს პირობა ნამდვილად შევასრულეთ. ამის შემდეგ არ გავცემ პასუხს, რა არის იმ დოკუმენტებში, რა ეწერა, ამ პირობის დამცველი ვარ და ვიქნები. ამ პირობის შეცვლა მეუღლის პრეროგატივაა. რამდენად შეასრულებს ოჯახის და მეუღლის პირობას ეს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, ის ესწრებოდა ექსპერტიზას გარეგანი დათვალიერების დროს და ზურაბ ჟვანიას ცხედარს დაზიანება მხოლოდ ტუჩზე აღენიშნებოდა.