სასჯელაღსრულების მინისიტრი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალას ეხმიანება. როგორც საკითხის კომენტირებისას სუბარმა განაცხადა ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას ეს საქმე ამდენი ხნის განმავლობაში დაკონსერვებული ჰქონდა ბევრ კითხვას ბადებს.
,,ჯერ კიდევ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დეტალები მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ამიტომ მეც თქვენთან ერთად ველოდები იმას, თუ როდის გავიგებ, რა მოხდა სინამდვილეში. დამატებით კითხვებს რაც შეეხება, ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ, ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაჩნდა იმდენი კითხვა, რომ მათზე პასუხი გამოძიებამ აუცილებლად უნდა გასცეს. ის, რომ ყოფილ ხელისუფლებას ეს საქმე ამდენი ხნის განმავლობაში დაკონსერვებული ჰქონდა და ხელს არ ჰკიდებდა, ესეც თავისთავად ბევრ კითხვას ბადებს, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ კადრები ვიდეო პორტალ იუთუბზე გუშინ გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.
ამ დროისთვის უცნობია კადრების ავთენტურობა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ გავრცელებული კადრები აქამდეც ჰქონდა ნანახი.
რაულ უსუპოვის მამამ კი ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.