სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჟვანიას ფოტოებთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტარი გააკეთა პარლამენტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.
გოგორიშვილის განცხადებით, ეს ფოტოები ზურაბ ჟვანიას საქმეში დევს.
„პირველი რაც მინდა ვთქვა, მე პირადად დავიღალე, როგორც ზურას მეგობარი. რამდენი თემა გაჩნდება ქვეყანაში იმდენი ზურაბ ჟვანიას თემით უნდათ მისი გადაფარვა. მეორე - დამთავრდეს ეს ყბადაღებული გამოძიება და პროკურატრურამ დადოს მასალები. თუ ვინმემ ახალი გარემოებები იცის დაიდოს ეს მასალები, თუ არადა ჟვანიას თემით სპეკულირება დასრულდეს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, მან ნახა რამდენიმე ფოტო, რომელიც დღეს გავრცელდა და ეს ფოტოები ჟვანიას საქმის მასალებშია.
„ფოტოები, რომელიც საქმეში დევს ნანახი მაქვს. წითელი რგოლების გარდა ამ წუთას ახალს ვერაფერს ვხედავ. მე არ ვყოფილვარ იმ ბინაში და ვიმეორებ მაქვს ნანახი ფოტოები. რაც შეეხება პროზექტურას, მე ვიყავი პროზექტურაში ექსპერტიზის დაწყებიდან მის დასრულებამდე", - განაცხადა გოგორიშვილმა.
რაც შეეხება ექსპერტ ლევან ჩაჩუას განცხადებას, ფოტოების ფალისფიკაციასთან დაკავშირებით, გოგორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ის ექსპერტთან შეხვედრას აპირებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სახელწოდებით "სააკაშვილი მკვლელი". ფოტომასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები.
ფოტომასალა "იუთუბიზე" ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.