ლტოლვილთა და განსახლების მინიტრი კობა სუბელიანი სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. ფოთში მინისტრმა რეაბილიტირებული ობიექტები დაათვალიერა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი ობიექტი სადაც მინისტრი დევნილებს შეხვდა "ნაბადა"-ს ტერიტორიაზე ყოფილი სანაპირო დაცვის ხუთ სართულიანი ორი კორპუსი იყო, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ასი ოჯახი ცხოვრობს.
როგორც დევნილებმა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნეს, 17 წლის განმავლობაში საშინელ პირობებში უწევდათ ცხოვრება. კორპუსის რეაბილიტაციამ კი ბევრი პრობლემა მოუხსნათ.
"დანგრეულ შენობაში ვცხოვრობდით არც სახურავი გვქონდა და არც იატაკი. ვირთხებთან ერთად ვიწექით. მაშინდელი და ახლანდელი პირობების შედარება არც შეიძლება. სახურავიც გაგვიკეთეს, იატაკიც, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, მეტლახი, კომუნიკაციები და ჩვენც მადლობის მეტი რა გვეთქმის''- აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ნანული ცაცუა.
ლტოლვილთა და განსახლების მინიტრი კობა სუბელიანი დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემას დაპირდა: "ამ ორ კორპუსში ასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ჩატარდა სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა კომუნიკაციები და რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. აფხაზეთიდან დევნილები კოლექტიურ ცენტრებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. სწრაფი ტემპებით ყველა მათგანი ასეთ პირობებში გადავა. ეს ფართი მათი საკუთრება იქნება და როცა აფხაზეთში დაბრუნდებიან გარკვეული კაპიტალიც ექნებათ."
მინისტრი ხვალ, 19 მარტს, იმერეთის რეგიონს ესტუმრება და აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდება.