წყალდიდობის შედეგად კახეთში 8 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. გზის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდება ილტოს ხეობაში, სადაც ადიდებულმა მდინარე ილტომ 16 მარტს ახმეტა - თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა დაანგრია და ხეობის 7 სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით არის შესაძლებელი დაკავშირება გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემთან. ადიდებულმა ჭერმის ხევმა სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო.
მდინარე ალაზნიდან გადმოვარდნილმა წყალმა ელექტროგადამცემი ხაზის ანძა წააქცია, რის გამოც თელავის მუნიციპალიტეტის ნაფარეულის ზონის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის" ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სავარაუდოდ, 2 დღეში აღუდგებათ. მოძრაობა საერთოდ პარალიზებულია ლაგოდეხი - აფენი - გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე.