პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყირიმში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება, შექმნილ ვითარებას რთულს უწოდებს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად, რუსეთს ყირიმის ტერიტორია უკვე ოკუპირებული აქვს.
,,ყირიმში ვითარება რთულია. ფაქტობრივად, რუსეთს ყირიმის ტერიტორია უკვე ოკუპირებული აქვს, სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული და შესაბამისად დეფაქტოდ სიტუაციას აკონტროლებს. ამიტომ დღევანდელი რეფერენდუმი რუსეთისთვის არის ვითომდა ლეგიტიმური დოკუმენტი, რომ შემდგომში თუკი ამის საჭიროება დადგა მან გადაიფორმოს ყირიმის ტერიტორია, მაგრამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთან მიმართებით სიტუაციას მივიღებთ როცა ტერიტორია დეფაქტო ოკუპირებული იქნება, თუმცა რუსეთისთვის მის შემადგენლობაში იქნება, მაგრამ დეი-იურე ამას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. თუმცა აქ მთავარი თემა არის ის მეორე_რამდენად შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია ყირიმში და ძალადობრივ დაპირისპირებაში გადავიდეს. ამ შემთხვევაში უკვე რუსეთმა შეიძლება მეორე გეგმა აამოქმედოს და ეს იყოს რუსეთთან აღმოსავლეთის მიმართულებით სხვადასხვა ტერიტორიებზე მუქარის გამოხატვა. რატომ და რისთვის, იმიტომ რომ დასავლეთმა თავისი ყურადღება გადაიტანოს აღმოსავლეთ უკრაინაზე და ამით ყირიმი მეორეხარისხოვანი თემა გახდეს", _განაცხადა სესიაშვილმა.