საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2010 წლის 17 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.
თებერვლის თვეში რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია აღინიშნა, კერძოდ: წლიურად 17.9 პროცენტით გაიზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით შემოდინებები; სავაჭრო სტატისტიკის წინასწარი მონაცემებით, მნიშვნელოვანი იქნება ექსპორტის მოცულობის ზრდაც. თუკი 2009 წლის მანძილზე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 759.1 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ტენდენციები ცხადყოფს, რომ მოსალოდნელია უცხოური პირდაპირი ინვესტიციებით შემოდინებების კიდევ უფრო ზრდა.
2010 წლის თებერვალში სამომხმარებლო კალათის ფასების 1,5%-იანი ზრდა სეზონური ფაქტორების გავლენით იყო გამოწვეული. წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში ეს მონაცემი 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.
2009 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმნიშვნელო ცვლილება დაფიქსირდა უმუშევრობის დონის მაჩვენებელში და ამ მონაცემმა 16.3 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ზრდის ტენდენცია აქვს საბანკო სისტემის მიერ ეკონომიკის დაკრედიტებას. საგრძნობლად გაიზარდა ფულადი აგრეგატების ზრდის ტემპებიც. აღნიშნული გარემოებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, რაც მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს.
ლარით სესხების გაცემის ხელშეწყობისა და ფულადი ბაზრის განვითარების მიზნით ეროვნული ბანკი უახლოეს მომავალში აამოქმედებს ახალ ინსტრუმენტებს. მათ შორის, გაააქტიურებს მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს - ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები, რომელიც შეამცირებს ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მერყეობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკი გეგმავს რეფინანსირების სესხების გირაოს ბაზის
გაფართოვებას. ეს ინსტრუმენტი კომერციული ბანკებისათვის უფრო ხელსაყრელს გახდის ეროვნული ვალუტით სესხის გაცემას, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს ეკონომიკისათვის საკრედიტო რისკის შემცირებას. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 14 აპრილს გაიმართება.