,,მერაბ ღოღობერიძეს მე და ჩემი ძმა ფიზიკურად ვერ გაუსწორდებოდით, რადგან ამისთვის არ მცალია", _განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ მის მიერ წაყენებული ბრალის საპასუხოდ.
დუმბაძის განმარტებით, მერაბ ღოღობერიძე ბოლო პერიოდის განმავლობაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევს და მას ფსიქიკურად ავადმყოფს უწოდებს.
,, ბოლო 5-6 თვის განმავლობაში პირადად ჩემი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას ვერ ვახერხებ ამ ავადმყოფი კაცის გამო. ის არის ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი. მაჟორიტარის ბიუროს ფანჯარაზე კვერცხის სროლას, კარის აჭედვას, მერიაში პოლიციელის დედის გინებით შემოსვას რეგულარული ხასიათი აქვს. პირადად ჩემს სახლში შემოვიდა და ეკლესიის მაკეტი დაწვა და უამრავი ასეთ ფაქტს აქვს ადგილი", _განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, პირი რომელიც ადამიანს დედას შეაგინებს მას პასუხი აუცილებლად უნდა გასცე.
,,დედას ვინც შეგაგინებს პასუხი უნდა გასცე, ეს არის ჩემი მოსაზრება და მას ბოლომდე დავიცავ", _განაცხადა დუმბაძემ, რომელიც მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ პარალმენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს ხელვაჩაურში ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის "თავისუფალი საქართველოს" სიის პირველი ნომერი და კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის უფროსი მერაბ ღოღობერძე შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
ღოღობერიძის განმარტებით, ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ასათიანების ქუჩების კვეთასთან მეგობრებს ესაუბრებოდა, რა დროსაც ავტომობილი გაჩერდა, გადმოვიდა მურმან დუმბაძე და მისი ძმა და შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც გადმოვიდნენ მურმან დუმბაძე და მისი ძმა. მურმან დუმბაძემ დედა შემაგინა, ხოლო მისი ძმა მომიახლოვდა და ფიზიკურად შემეხო", _აცხადებს ღოღობერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინების საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის ცემას ან სხვა ტიპის ძალადობას გულისხმობს.