"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პროკურატურა 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას ეცდება და მის წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ამის შესახებ, უგულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც უგულავა აცხადებს ამის თმის საფუძველს აძლევს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის, მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი.
,, როგორც ამ ოქმიდან სჩანს მთავრობა და პროკურატურა 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე კვლავ შეეცდებიან ჩემს მიმართ აღმკვეთი ღონისძიების დამძიმებას, ანუ მოითხოვენ წინასწარ პატიმრობას. ( მათი საქმეა ვერ დაუშლი . ამას არც პირველად სჩადიან და ალბათ არც უკანასკნელად). ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი "გამოძიებასთან არ თანამშრომლობის" მაგალითად ამ ოქმში მითითებულია, რომ 6 მარტს არ გამოვცხადდი პროკურატურაში. საქმე იმაშია, რომ პროკურორმა ადვოკატს 5 მარტს 22 საათზე აცნობა ამის შესახებ და იქვე ცინიკურად ოქმში მიუთითებს, რომ მე 5 მარტს დილით გავემგზავრე დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის ( EPP) კონგრესში მონაწილეობის მისაღებად და შესაბამისად 6 მარტს ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი თბილისში. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ პროკურატურას თვეები ჰქონდა ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ასევე იმ ფაქტს, რომ თუ ასე აუცილებელი იყო ჩემი გამოცხადება საზღვარზე შეეძლოთ ეცნობებინათ და ბოლო ბოლო არ გავეშვი. ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც სჩანს, ჩვენს პროკურატურას გეოგრაფიაშიც უჭირს, რადგან ვერანაირად პირი ასეთ მცირე დროის ინტერვალში დუბლინიდან თბილისში ვერ მოხვდება. პროკურატურის გასაგონად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ მივიმალო (ამ სიამოვნებას ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ვერ მივანიჭებ). მე დღეს ჩვეულებრივად ვბრუნდები საქართველოში, იმის მიუხედავად აღმკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვენ თუ გაციმბირებას. მთავრობის მხრიდან მორიგ გავეშებას მე ვუკავშირებ ორ ფაქტს: 1. ჩემს უპასუხოდ დატოვებულ განცხადებას ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილზე, რომ ის მინისტრ კალაძესთან ერთად უკანონო ბიზნეს სქემების დალაგებითაა დაკავებული. 2. მე ვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ხოლო ნაცმოძრაობის განადგურება ივანიშვილ- ღარიბაშვილის მთავრობის დეკლარირებული და მორიგი ვერშესრულებული წინასაარჩევნო დაპირებაა. ამდენად, ჩემი ნეიტრალიზებით, ბუნებრივია პარტიას ზიანი მიადგება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე. პროკურატურის ამ განზრახვის დამადასტურებელი სხვა მასალებიც გამაჩნია, რომელთა შესახებ საუბარს უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ", _აცხადებს უგულავა.