ხვალ, 18 მარტს, 12:00 საათზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სოკოს მწარმოებელი საწარმო შპს "ეი-ჯი ინვესტი" გაიხსნება. საწარმოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ჩNFA-საქართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შპს "ეი-ჯი ინვესტი" აღმოსავლეთ საქართველოში კალმახა სოკოს მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სოკოს 2006 წლიდან აწარმოებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საწარმოში განხორციელდება სოკოს წარმოების, დამუშავეიბისა და შენახვის სრული ციკლი, რის საშუალებასაც საწარმოში დანერგილი სოკოს სამრეწველო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები გახდის შესაძლებელს, შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ერთად.
ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში შპს "ეი-ჯი ინვესტმა" 149 800 აშშ დოლარის გრანტი მიიღო. დაგეგმილია ცივად შენახვის და ვაკუუმური დაფასოების დანადგარის შეძენა სოკოების ფოლგიან კონტეინერებში დაფასოების მიზნით. საწარმოს ხელმძღვანელობის ცნობით, ამ გზით სოკოების შენახვის ვადა გაიზრდება, ხოლო პროდუქტის ხარისხი შენარჩუნებული იქნება.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა 30 ახალი სამუშაო ადგილი. ამასთან, კომპანიისგან ყოველწლიურად დამატებით 100-მდე ფერმერი მიიღებს არაპირდაპირ სარგებელს.