,,არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია", _განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსული სამხედრო ვერტმფრენის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში შემოჭრის საპასუხოდ.
მისივე განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადები.
,,2008 წლის შემდეგ დაახლოებით ათასამდე საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი. საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ვითარებას და ყველა მოქმედებისთვის მზადყოფნის შესაბამისი სცენარია გამოცხადები. მინდა გითხრათ, რომ არანაირი საფრთხე ამ გადაფრენას ჩვენი უსაფრთხოებისთვის იმ მოცემულ მომენტში დამატებით არ შეუქმნია. ჩვენ ვართ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენს გეგმებში ამით არაფერი არ შეცვლილა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დაახლოებით 12.20 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებული მი-8 ტიპის რუსული სამხედრო ვერტმფრენი შემოიჭრა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა გორისა და კასპის რაიონების სოფ. არბოს, მერეთის, დიცის, კოშკას, ქერეს, ფლავის, ფლავისმანის, ქვეშის, მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, წითელუბნის, ხურვალეთის, ზადიაანთკარის, საკორინთლოს, ქვემო ჭალას, პანტიანისა და ვეკეს ტერიტორიაზე განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებსა და პოლიციის შენობებს.
გუშინვე, დაახლოებით 18:22 საათზე, ოკუპირებული აფხაზეთში უკანონოდ განლაგებულმა რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის მიმართულებიდან შემოიჭრა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში და გადაუფრინა ზუგდიდის რაიონის სოფ. ხურჩაში განლაგებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოებს.