2010 წელს, კახეთში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი. საფრთხე ემუქრება რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიდან აცნობეს.
სპეციალისტები განსაკუთრებით საშიშ ვითარებას ილტოს ხეობაში ვარაუდობენ. მათი თქმით, აუცილებელია, მთლიანად რეგიონი იმყოფებოდეს მუდმივი გეომონიტორინგის ქვეშ და სასწრაფოდ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები.
ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 1987 წლიდან კი 400-ს მიაღწია. ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.