დღეს, ყირიმში, მსოფლიოს თვალწინ, პუტინი ცდილობს შეცვალოს ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბდა ცივი ომის დასრულების შედეგად. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ბევრი კამათი შეიძლება იმაზე, თუ კონკრეტულად რა უნდა დაუპირისპიროს ცივილიზებულმა სამყარომ პუტინის რუსეთის ბარბაროსულ საქციელს - ეკონომიკური სანქციები, საქართველოსა და უკრაინის მიღება NATO-ში და აქ სამხედრო ბაზების განთავსება, კონკრეტული თანამდებობის პირების საბანკო ანგარიშების გაყინვა და მათთის ვიზებზე უარის თქმა, თუ სამხედრო მოქმედება - მაგალითად, ყირიმის საზღვაო ბლოკადა.
„მაგრამ მთავარი სხვაა - მთავარია, ცივილიზებულმა სამყარომ გააცნობიეროს, რომ პუტინის რუსეთი არ არის ცივის ომის შემდგომ ჩამოყალიბებული ჩვეულებრივი სახელმწიფო, რომელსაც ხანდახან რაღაცეები ეშლება და რომელიც ხანდახან „ცუდად იქცევა". პუტინის რუსეთი არის ბოროტების იმპერიის აგრესიულად განწყობილი, დესტრუქციული ბირთვი, რომელიც შეპყრობილია რევანშის იდეაფიქსით. მისი მიზნები საფუძველშივე არაკეთილსინდისიერი და მიუღებელია უკლებლივ ყველა მეზობლისთვის", - აცხადებს ბიბილაშვილი.
მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ პუტინი უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე დიდი საერთაშორისო დამნაშავეა.
„პუტინის სინდისზეა ჩეჩნეთის გენოციდი, ბესლანისა და ნორდ-ოსტის ტრაგედიები, საქართველოს ოკუპაცია, ტერორისტული აქტები რუსეთში -მოსკოვი, ბუინაკსკი, ვოლგოდონსკი და სხვა ქვეყნებში - ლიტვინენკო - ინგლისში, ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტი იანდარბიევი - ყატარში და ა.შ. პუტინი იყენებს ზუსტად იმ ტაქტიკას, რომელსაც იყენებდა ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომის წინ. მისი რიტორიკაც კი თითქმის იდენტურია - ეთნიკური რუსების დაცვა, რომლებიც იმპერიის ნგრევის შედეგად სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებად იქცნენ", - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამ დიაგნოზს დასვამს, დანარჩენი ტექნიკის საკითხი იქნება.
„არის პირველი ნიშნები იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ამგვარი კონსენსუსი უკვე ყალიბდება. დასავლეთს საკმარისზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ იმპერია ჩვეულებრივ ეროვნულ-სახელმწიფოდ აქციოს. მთავარია, არსებობდეს ამისი ნება და ამ მიზნისკენ გაერთიანებული ძალისხმევა. ასევე მნიშნელოვანია, თვითკმაყოფილებას არ მივეცეთ, თუ ყირიმის კრიზისი ცხელი ომის ფაზაში არ გადაიზარდა. ეს მხოლოდ გადაავადებს ძირითად კონფლიქტს, რომელიც გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდება ყველას", - განუცხადა ბიბილაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
მასალის გამოყენების პირობები