2014 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 761 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 14%-ით (224 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტი 15%-ით (538 აშშ დოლარი). როგორც ფინანსთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 2014 წლის იანვარ-თებერვალში გადასახადების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 982,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში 13,0%-ით (112.9 მლნ ლარი) მეტია. აღნიშნული მატებიდან 65,3 მლნ ლარი იანვრის თვეზე მოდის, ხოლო 47,5 მლნ ლარი თებერვალზე.
„მიმდინარე წლის იანვარში, 2013 წლის იანვრთან შედარებით დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 15%-ით და 3.567 მლრდ ლარი შეადგინა, მათ შორის: სოფლის მეურნეობა 84,0%-ით, მშენებლობა 43,0%-ით; კომუნალური მომსახურების გაწევა 30,0%-ით; სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა 12,0%-ით"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ზრდის ტემპის ასეთი გამოცოცხლების ფონზე, 2014 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა აბსოლუტურად რეალისტურია, შეიძლება ითქვას კონსერვატულიც. თუმცა, ხელისუფლების პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები არა მხოლოდ ციფრებისა და მაჩვენებლების დონეზე რჩებოდეს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ის მიხედვით 2004 წელს 116-ე ადგილზე იყო, ხოლო 2012 წლისათვის ქვეყნის პოზიცია მხოლოდ ერთი ადგილით გაუმჯობესდა და 115-ზე გადავიდა, არამედ ეკონომიკური ზრდა აისახებოდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.