,,ბავშვთა დაცვის საკითხები ძალიან დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი მთავრობისთვის", _ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაერო-ს ბავშვთა ფონდის ერთობლივ სამოქმედო გეგმისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, თავად წარედგინა შუალედური ანგარიში იმ რეკომენდაციების შესრულების მიმართ, რომლებიც უნივერსალური გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული. ამჟამად კი ჩვენ ვასრულებთ მე-4 პერიოდულ ანგარიშს, რომელიც ეხება ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელებას, რომელიც ახლო მომავალში იქნება წარდგენილი საქართველოში იუნისეფის მხარდაჭერით. ბავშვთა დაცვის საკითხები ძალიან დიდი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და ზოგადად ჩვენი მთავრობისთვის. ბავშვები არიან ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი. ყველა ბავშვის უფლება თანაბრად მნიშვნელოვანია. ბავშვის უფლებების დაცვა ესაა უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა მზრუნველობის სისტემის რეფორმაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი უფლებების დაცვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.