სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პარლამენტმა უგულებელყო არა მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, არამედ საერთაშორისო უფლებები. ,,ჯი-ეიჩ-ენი" სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,2014 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეიტანა დამატება 1344მუხლის სახით. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოების 2014 წლის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე გამოცხადდება დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ისინი უფლებამოსილებას განახორციელებენ შესაბამისი თანამდებობის კონკურსის წესით შევსებამდე, რაც უნდა მოხდეს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 120 დღის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელის სამსახურში მიღების ზოგადი წესი გულისმობს მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე მიღებას განუსაზღვრელი ვადით. განსაზღვრული ვადით ინიშნებიან მხოლოდ დროებით არმყოფი მოხელეების შემცვლელები ან კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლები.
შესაბამისად, 1344 მუხლის პრაქტიკული ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ სამსახურში განუსაზღვრელი ვადით მიღებული მოხელეები, რომელთაც ქონდათ მათი დასაქმების განუსაზღვრელ ვადასთან დაკავშირებით ლეგიტიმური მოლოდინი, ახსნა-განმარტების და რაც მთავარია, გასაჩივრების საშუალების გარეშე, გათავისუფლდებიან მათ მიერ დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილნი იქნებიან ამავე თანამდებობზე მოვალეობის შემსრულებლებად მანამ, სანამ იქ კონკურსის წესით არ დაინიშნებიან მოხელეები.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო არა მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, არამედ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პრაქტით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი აღიარებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას დაიკავონ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ეს უფლება იცავს მოქალაქეებს არა მხოლოდ სამსახურში მიღების და საქმიანობის პროცესში, არამედ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროსაც (მაგალითისთვის იხილეთ საქმეები: ავთანდილ ჭოჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #2/80-9, 1998 წლის 3 ნოემბერი; საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს მოქალაქე ქეთევან ბახტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ნო. 1/3/209,276, 2004 წლის 28 ივნისი). შესაბამისად, მოქალაქეთა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებისას, პარლამენტი შებოჭილია კონსტიტუციური მოთხოვნით, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება შეზღუდოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო გამართლებით.
იგივე მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებში უნდა შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა. სამსახურიდან გამართლების გარეშე გათავისუფლებას კრძალავს აგრეთვე ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 30-ე მუხლიც.
შესაბამისად, ჩნდება კითხვა რა ობიექტური და გონივრული გამართლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლებაში უხეშ და ბლანკეტურ ჩარევას, რაც მოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 1344 მუხლით. ამგვარი განმარტება პარლამენტს არ წარმოუდგენია. თუ კანონმდებელი მიზნად ისახავდა უფრო კვალიფიციური კადრების მოზიდვას, ამ შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა ატესტაციის ჩატარება, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ნათლად გაწერილი პროცედურაა და მის საფუძველზე გადამოწმდებოდა არსებული კადრების შესაბამისობა სამსახურის მოთხოვნებთან. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში კი, ადგილობრივ თვითმმართველობას შეეძლო ახალი, უფრო კვალიფიციური კადრების აყვანა.
აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის უფლება თავისი შინაარსით წარმოადგენს „სამოქალაქო უფლებას", რომლის სასამართლოში დაცვაც პირს უნდა შეეძლოს (იხ. ვილჰო ესკელინენი (Vilho Eskelinen) და სხვები ფინეთის წინააღმდეგ, განაც. ნო. 63235/00). თუმცა საქმეში კ.მ.ს. უნგრეთის წინააღდეგ (K.M.C. v. Hungary, განაც. ნო. 19554/11, 10 ივლისი, 2012), ეს სტანდარტი კიდევ უფრო გაფართოვდა: სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც იძლეოდა საჯარო მოხელეთა ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გათავისუფლების საშუალებას, არღვევდა ადამიანის უფლებათა ევროპულის კონვენციის მე-6 მუხლს, რადგან შესაბამისი ახსნა-განმარტების გარეშე, სასამართლო ვერ შეძლებდა შეეფასებინა მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება და ვერ დაიცავდა პირის სამოქალაქო უფლებას (პარ. 34). სადავო სამართლებრივი აქტი, რომელიც საჯარო მოხელის დაუსაბუთებელი გათავისუფლების საშუალებას იძლეოდა არაკონსტიტუციურად ცნო უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც.
განსახილველი ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, რაიმე განმარტების და რაიმე დაცვის საშუალების გარეშე იქნება გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული რეგულაცია ცალსახად უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებებს, რაც გარდაუვლად გახდება კონსტიტუციური დავის საგანი, თუ პარლამენტი არ მიიღებს ზომებს სადავო ნორმასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლების დარღვევის საფრთხე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რეალობად იქცევა", _ნათქვამია განცხადებაში.