ხვალ, 17 მარტს, 13:00 საათზე აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში გაიმართება საზოგადოებრივი აზრის კვლევის შ,ედეგების და საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია.
აჭარის ტელევიზიისა და რადოს მაუწყებლობის მოდელის შესარჩევად კვლევა ჩაატარა დემოკრატიის ინსტიტუტმა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნას 163 გამოკითხული მოქალაქიდან მხარი დაუჭირა 123-მა.საზოგადოებრივი კვლევის საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება: რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი _ 75%, აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ 7%, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა _ 6%, ,საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიურო აჭარის რეგიონში _ 4%, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიურო დასავლეთ საქართველოში _ 2%, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა _ 2%, აუქციონის წესით გასხვისება _2%, შ.პ.ს-დ გარდაქმნა _ 1%, გაუქმება _ 1%.
კვლევაში მონაწილეობდა რეგიონში მოქმედი 11 სექტორის 236 წარმომადგენელი: სამთავრობო, არასამთავრობო, მედია-, ბიზნესსექტორი, პოლიტიკური პარტიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტური თვითმართველობები, სამედიცინო დაწესებულებები, აგრეთვე, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწენი. მათგან პოზიცია დააფიქსირა 163 მოქალაქემ.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფუძნების მოტივით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ თანხმობა უკვე განაცხადეს აჭარის რეგიონიდან საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა სამმა მაჟორიტარმა დეპუტატმა: თემურ ჩარკვიანი, ელგუჯა მაკარაძე, ასლან თავდგირიძე. საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტის პროცედურული მხარის მოგვარებას უზრუნველყოფს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
"დემოკრატიის ინსტიტუტი" თხოვნით მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო დაწესებულებებს _ რომ მათი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აჭარის ტელევიზიის და რადიოს სტატუსის განსაზღვრის პროცესში.