რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინაში საკონსტიტუციო გადატრიალება მოხდა. განცხადება ამის შესახებ, მან გამოცემა Rzeczpospolita - თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მარკოვი აცხადებს, რომ „გადატრიალებაში" საკვანძო ადგილი ფაშისტურმა ძალებმა ითამაშეს. ისეთებმა როგორებიცაა „სვობოდა" და „პრავი სექტორი".
მისივე თქმით, დასავლეთმა კი უკრაინაში მომხდარ უკანონობასა და ძალის გამოყენებაზე თვალი დახუჭა.
პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ ვლაიდმერ პუტინს გადამწყვეტად ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ უნდა ემოქმედა. „ახლა კი რუსეთს არ აქვს ინსტრუმენტი მოქმედებისათვის, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს".
მარკოვი ასევე არ გამორიცხავს მოსკოვის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში.
„თუ იქნება დარღვეული სამი პირობა, მოსკოვს არჩევანის საშუალება არ დარჩება. უპირველეს ყოვლისა თუ დაიწყება რეპრესიული ღონისძიებები რუსულენოვანი მოქალაქეების მიმართებით და ისინი დახმარებისათვის პუტინს მიმართავენ. კომუნისტური პარტიისა და რეგიონების პარტიის აკრძალვა. ასევე ლენინის ძეგლების განადგურება, რომელიც არის ამოცანა, ჯერ კიდევ დასახული ჰიტლერული ძალების მიერ და ისეთი ფაშისტური ძალები, როგორებიცაა „სვობოდა" და „პრავი სექტორი" მას ახორციელებენ",_ განაცხადა მარკოვმა და აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლება იულია ტიმოშჩენკოს ხელში იმყოფება და ახლა უკვე ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე.
„საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიული იქნება, ვინაიდან ხელისუფლებაში ახლა ტიმოშჩენკოს მომხრე იმყოფება, რომელიც მას ხელისუფლებამდე მიიყვანს",_ დარწმუნებულია მარკოვი, რომელიც აღნიშნავს, რომ „რუსეთს არ წაუგია, ყველაფერი წინაა და ბრძოლა მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში გაგრძელდება".