საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკრაინაში დავით ყიფიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა დავით ყიფიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კონსულის მიერ მიღებული ინფორმაცია ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ემთხვევა.
,, ჩვენ წუხელ გავიგეთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კიევში დაიღუპა. საქართველოს კონსული გუშინვე ყველგან იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ის ინფორმაცია, რომელიც მან მიიღო არ ემთხვევა იმ ინფორმაციას, რომელსაც გარდაცვლილის ახლობლები გვაწვდიან. ჩვენს კონსულს წუხელ საშუალება არ მიეცა მორგში გარდაცვლილის ცხედარის ნახვის ეს, სავარაუდოდ დღეს მოხდება. სამწუხაროდ, დაღუპულს ვერაფერს ვეღარ ვუშველით, მაგრამ შევძლებთ მისი დაღუპვის დეტალების გაგებას", _განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება ჩაერთვება დავით ყიფიანის სამშობლოში ჩამოსვენების პროცედურებში.
მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ.
შეგახსენებთ, რომ კიევში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილს, დავით ყიფიანს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ყიფიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წარმომადგენელი იყო. იგი კიევში თავისუფალი ზონის წევრებთან ერთან იმყოფებოდა.