წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8 %-ით გაიზრდა, - ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აკეთებს.
მინისტრმა განმარტა, რომ იანვარში დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 16 %-ით გაიზარდა.
„მინდა მოგახსენოთ, იანვრის თვის ეკონომიკურ შედეგებზე, რომელიც არის წინასწარი, მაგრამ ის ემყარება გადამხდელების მიერ დეკლარირებულ მაჩვენებლებს. ჩვენ 17 თებერვალს მივიღეთ ეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვა იანვარში 16 %-ით გაიზარდა. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, იანვარში ზრდა, წინა წლის იანვართან შედარებით იქნება 8%-ი. ზრდა ძირითადად გამოწვეულია, რამდენიმე დარგში სერიოზული აქტიურობით, ესაა სოფლის მეურნეობაში თითქმის გაორმაგებული ეკონომიკური აქტიურობა. 43 %-ითაა გაზრდილი მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილია ტრანსპორტი და სატრანსპორტო მაჩვენებლები. ასე, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი პროგნოზები, მინიმუმ კონსერვატიულია რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც ნოდარ ხადური აცხადებს, 2004 წელს საქართველო მშპ-ს დონით მსოფლიოში 116-ე ქვეყანა იყო , ხოლო 2012 წელს კი გახდა 115-ე ქვეყანა. მინისტრის განმარტებით, ახალი მთავრობის პირობებში ეკონომიკური ზრდა იქნება ინკლუზიური და მის შედეგებს თითოეული მოქალაქე იგრძნობს.
„ჩვენი პროგრამის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ამ ზრდის შედეგები და არა ისე როგორც ადრე გვქონდა. თუ 2004 წელს საქართველო მშპ-ს დონით მსოფლიოში 116-ე ქვეყანა იყო 2012 წელს კი გახდა 115-ე ქვეყანა. ანუ ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადგილით წაიწია წინ, მაშინ როდესაც ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა და მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, რომლებთაც არც რესურსი აქვთ და არც ჰაბია და არც ასეთი „რეფორმები" ჩატარებულა, საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადეს. ასე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგი ყველამ მიიღოს"- განაცხადა ხადურმა.