აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი იქნება ახალი ათვლის წერტილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, აღნიშნულის შესახებ განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას გააკეთა. ირაკლი ალასანიას განმარტებით, მაღალი დონის შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების საკითხები.
„მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი იქნება ახალი ათვლის წერტილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. იქნება მაღალი დონის შეხვედრები სადაც განიხილება ყველა სპექტრი ჩვენი ურთიერთობების: ეკონომიკური, თავდაცვითი, უსაფრთხოების და შემდეგ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება"- განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები.
"ეს არის პირველი უმაღლესი რანგის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ხელისუფლებისთვის. ვიზიტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. ჩვენ გვექნება მუშაობა და შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაღრმავდება, ხელი შეეწყობა მის გაღრმავებას და წინსვლას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციეს ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები