"საქართველო და ევროკავშირი ავითარებენ ძლიერ პარტნიორობას და ამ ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. გასული წლის ნოემბერში მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის სივრცეს. დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე და ვფიქრობ, ოქტომბრამდე ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგი თქვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობით. საქართველო იყო და უფრო და უფრო ხდება ჩვენი რელევანტური პარტნიორი ევროკავშირის ენერგეტიკული სტრატეგიის კუთხით", - განაცხადა დღეს მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა გიუნტერ ოტინგერმა.
ევროკომისრის განცხადებით, მიღწეული შეთანხმებების შედეგად საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ჩვენი საერთო ღირებულებების მხრივაც.
"დღეს მე საქართველოში ვიმყოფები ევროპული და კერძოდ, გერმანული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად და მინდა საქართველოს ეკონომიკის და ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ეკონომიკის სფეროებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა გამოვხატო"- აღნიშნა ევროკომისარმა.
გიუნტერ ოტინგერის განცხადებით როდესაც საუბარია ენერგო რესურსების ტრანსპორტირებაზე საქართველო არის უმნიშვნელოვანესი და სანდო პარტნიორი.
"საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება მოიზიდავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში და უზრუნველყოფს ამ სექტორის მდგრად განვითარებას", - განაცხადა ოტინგერმა.
ევროკომისარის თქმით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით ჩათვლით საქართველოს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ეს ეხება, როგორც ქართული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას, ასევე ევროკავშირის მხრიდან საქართველოში მსხვილი პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 20-21 თებერვლას სტუმრობს. ენერგოკომისარმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართა. ვიზიტის ფარგლებში გიუნტერ ოტინგერი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება; წაიკითხავს საჯარო ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან ერთად ასევე დაესწრება ენერგეტიკის სფეროში ბიზნეს-ფორუმის გახსნის ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი და ქართველი ბიზნესმენები.