„ამ კაცს ენდობა ევროკავშირი, მე ვენდობი ევროკავშირს", _ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ახალი მოადგილის რაიან გრისტის დანიშვნის ირგვლივ მიმდნარე სკანდალთან დაკავშირებით. განცხადება ამის შესახებ ზაქარეიშვილმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მინისტრმა გრისტი გამოცდილ სპეციალისტად დაახასიათა.
"ჩემთვის მთავარია ევროკავშირი. ვენდობით თუ არ ვენდობით ევროკავშირს?! ეს არის ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტური მაქსიმალურობით ჩვენ მხარში გვიდგას.
ჩვენ თუ ასე ვიჩხერკედელავეთ, თან ისე, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ყველაზე საშინელება რაც გავრცელდა არის ჯაშუშობა. მართლაც საშინელებაა, მაგრამ სადაა მტკიცებულებები?! ამ კაცს ენდობა ევროკავშირი, მე ვენდობი ევროკავშირს", _ განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ის ევროკავშირს ათასჯერ უფრო ენდობა, ვიდრე ნაცმოძრაობას.
„რაინ გრისტზე მწარე გამოცდილება აქვს ნაცმოძრაობას. მათ კარგად იციან, რომ მან რაღაც-რაღაცები ილაპარაკა ისეთი, რაც მათთვის მიუღებელია. მას დანაშაული არ ჩაუდენია, არ ჩანს... ჩაიდინა მან დანაშაული? - ჩემი პასუხია არა, შეცდომა დაუშვა? - ჩემი პასუხია დიახ, მაგრამ მისი გამოცდილება ჩათვალა ევროკავშირმა საჭიროდ, რათა ეფექტურად აწარმოოს ის ვალდებულებები, რაც საქართველოს წინაშე აქვს აღებული. ეს ადამიანი მართლაც უაღრესად გამოცდილია ამ სფეროში", - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს რაიან გრისტის გაწვევის მექანიზმი არ აქვს და რომც ჰქონდეს ასეთი მექანიზმი, იგი ამას არ დაუშვებდა.
"მაშინ არ ენდობი იმ სტრუქტურას, რომელიც შენ გეხმარება. არც გვაქვს ეს მექანიზმი, ამიტომ არ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი".
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა", საზოგადოება „ივერიელი", ილია ჭავჭავაძის საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე რაიან გრისტის დანიშვნას აპროტესტებენ.
,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ ხელისუფლებას მოუწოდა გამოყენოს ყველა ბერკეტი იმისთვის რომ გრისტმა დატოვოს არა მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არამედ საქართველო.
,,ამ ადამიანის რეპუტაცია ცნობილია როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, ვინც თვალყურს ადევნებდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას. გრისტი მაშინ იკავებდა საქართველოში ეუთოს მისიის საკმაოდ მაღალ თანამდებობას და იგი ომის დღეებშივე იქცა მთავარ ინსტრუმენტად რუსეთის მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო ომში. იგი ომის დამთავრების შემდეგ ეუთოს მისიის მოთხოვნით გაყვანილ იქნა საქართველოსგან. ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელში დღეს არსებობს და ის დიდ როლს ასრულებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საქმეში.ამავე დროს, მოუწოდებთ საქართველოს მთავარობას გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი რათა გრისტმა დატოვოს არა მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არამედ საქართველო", _განაცხადა ჯაფარიძემ.