პარლამენტის თავმჯდომარესთან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, შეხვედრა ცხარე დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
„მე უფრო მეტს მოველოდი ამ შეხვედრიდან. მართლაც მქონდა, როგორც დღეს აღმოჩნდა, იმის ილუზია, რომ უფრო დიდი სურვილი ექნებოდა ხელისუფლებას, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარებულიყო. ერთი არის ნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, 50%-იანი ბარიერი მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა პარალელურად არ უნდა შემოიტანონ ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად აზრს დააკარგვინებს, ან მინიმუმამდე დაიყვანს 50%-იანი ბარიერის შემოტანას" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, როგორებიცაა უბნებზე წარმომადგენლების ყოლის უფლება, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა და ა.შ.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო გარემო იქნება არაკონკურენტუნარიანი. თუ ისე დარჩა როგორც არის და თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ შემდგომ ცვლილებებს ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში, ნამდვილად ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების ლეგიტიმურობა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არჩევნების სამართლიანობა.
ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას" ეშინია თავისუფალი არჩევნების!"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით „ქართული ოცნება" ძალიან დიდი შიშით უყურებს „დემოკრატიული მოძრაობის" მიერ მოთხოვნილ ყველა ცვლილებას, რომელიც პარტიას ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკით, სამართლიანობიდან გამომდინარე, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ნამდვილად ეკუთვნის. ნინო ბურჯანაძე იმედს გამოთქვამს, რომ „ქართული ოცნება" ამ შიშს გადალახავს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.