,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესები გამჭვირვალე იყო და პრეტენზია არ აქვს.
,,რაც შეეხება პროცედურულ დარღვევებს და იმას, ჰქონდათ თუ არა საშუალება მხარეებს თავისი არგუმენტები წარმოედგინათ, ამასთან დაკავშირებით არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და პროცედურულად ყველაფერი გამართულია. რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებას საპატიმროდან მისი გაყვანის შესახებ, ჩვენი პოზიციაა, რომ ამაზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და ძალიან ცუდია, რომ ეს ასე არ მოხდა. თვითონ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იყო გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება მოსამართლეზე ზეწოლას, თუკი ეს მართლაც მოხდებოდა, დავიცადოთ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამაზე განცხადებას გააკეთებს. ადრე, როდესაც ამაზე იყო საუბარი, მას ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს", - განაცხადა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით.
ასევე, სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 342-ე მუხლით.
საზოგადოებას შევახსენებთ თუ რა ბრალდებებები ჰქონდა წარდგენილი ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რაზედაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, 2009 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ კვარიათში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი, სადაც იგი ისვენებდა მის ოჯახის წევრებთან ერთად. გარდა ამისა, მან მეტი კომფორტის შესაქმნელად აგარაკი გაარემონტა სახელმწიფოს ხარჯზე, აგარაკის მოსავლელად დაიქირავა დამხმარე პერსონალი, რა მიზნითაც, პირადი მოტივით ივანე მერაბიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 157 669,3 ლარი. ასევე, 2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა", რომლის მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნა, სწორედ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამის ნიღბად გამოყენებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ამომჩეველთა მოსასყიდად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელება დაევალათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს და „სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს.
2012 წლის 7 სექტემბრამდე პერიოდში, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის" პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ 21 837 პირთან. ხელშეკრულებები იყო თვალთმაქცური, ვინაიდან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით ამომრჩეველთა მოსყიდვას.
ამ გზით, ივანე მერაბიშვილის მიერ გაფლანგული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი 5 240 880 ლარი.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით, იგი ცნო დამნაშავედ ხსენებულ ბრალდებებში და ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ივანე მერაბიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებისთვის განუსაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები, რა ნაწილშიც ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს სააპელაციო წესით გეგმავს.