კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურში გაასაჩივროს.
,,ქუთაისის საქალაქო სასამარათლო თავიდანვე შერჩეული იქნა როგორც დაბალი ღობე და პრაქტიკულად, გარანტირებული ჰქონდათ გამამტყუნებელი განაჩენი. მთელი პროცესის განმავლობაში ვაკვირდებოდი სასამართლოს და კარგად იცით პროკურატურამ 4000 მოწმე წარმოადგინა, თუმცა საბოლოოდ 170 მოიყვანეს. მათგან არც ერთს არ დაუდასტურებია ბრალი. ახლა, გვაინტერესებს მოსამართლე რას ჩაწერს სამოტივაციო ნაწილში, მან დღეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილი განცხადებით, მოსამართლემ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
,,მიმაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუმცა მალხაზ გურულის ფაქტორი გამო, რომელიც პროკურატურის ყურმოჭრილი მონაა, დიდს არაფერს ველოდებით სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ ეს გზა გასავლელია იმისთვის, რომ შემდეგ საქალაქოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ და თუ საჭირო გახდა სტრასბურგში", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთ" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. დასაქმების ეპიზოდზე ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო კახეთის ყოფილ გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 000-ლარის გირაო დააკისრა.