უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბაოკერიას განცხადებით ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წაყენება ქვეყანას ძვირად დაუჯდება. როგორც ბოკერიამ ვანო მერაბიშვილის სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა ,,სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ქვეყანას ძვირად დაუჯდება. ეს არის ზეწოლა, ეს განაჩენი დაკვეთილია", -აღნიშნა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო, ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით კი სასჯელის საბოლოო სახედ განუსაზღვრა პატიმრობა 5 წლის ვადით. სასამართლომ ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით დააკისრა 50 000 ლარის გადახდა.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას ედავება. მათ ბრალი ედებათ მოსყიდვაში, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.