,,თავისუფალი დემოკრატები" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკური პარტიაა", -ამის შესახებ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ქორთიარდ მარიოტში" ,,თავისუფალი დემოკრატების" დაფუძნებიდან ხუთი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" მოახერხეს და ხუთი წლის წინ როდესაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა გაემიჯნენ წინა ხელისუფლებას.
,,ხუთი წლის წინ ამ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგა თანამოაზრეთა გუნდი, რომლებმაც პოლიტიკაში შესვლის განაცხადა გააკეთა. ხუთი წლის წინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ მაშინდელ ხელისუფლებას. მაშინ თქვენმა გამოჩენამ საზოგადოებას ცვლილებების მოლოდინი გაუჩინა. ამ გუნდში თავი მოიყარეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც უარი თევს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატიის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენეს. საქართველოს ინტერესები, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ერთგულება იყო ის იდეალები რამაც თქვენ გაგაერთიანათ და მას სათავეში ლევან მიქელაძე ედგა. მე კარგად მესმის რას ნიშნავს დღევანდელი დღე პარტიის დამფუძნებლებისთვის, მისი ლიდერისთვის, პარტიის წევრებისთვის, როგორი ემოციურია ეს დღე თქვენთვის, იმიტომ რომ სრულიად გამორჩეული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის, შესანიშნავი დიპლომატისა და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტის თქვენი მეგობრის ლევან მიქელაძის სახელთანაა დაკავშირებული. სამწუხაროა, რომ ის ჩვენს შორის აღარ არის", _ _განაცხადა ღარიბაშვილმა.