ენერგეტიკისა თუ ეკონომიკის სფეროს ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელების თემა, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ ფაზაში შედის. საზოგადოებაში კი, მშენებლობის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. სოფელ ხაიშის წარმომადგენლები სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილსაც შეხვდნენ და მიიღეს მისგან პირობა, რომ შედგებოდა შეხვედრები ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ხაიშელები აპირებენ სახალხო კრების ჩატარებას სადაც თავად გადაწყვეტენ ხუდონჰესის აშენება-არაშენების საკითხს. რამდენად მიზანშეწონილია სახელმწიფო მასშტაბის, მილიარდ ორასმილიონიანი პროექტის სოფელ ხაიშის სახალხო კრებაზე განხილვა და შესაბამისი ვერდიქტის გამოტანა, ამის თაობაზე კომენტარს უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენლები აკეთებენ.
დავით ონოფრიშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე:
„ხუდონჰესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებით არ უნდა დაზიანდეს გარემო. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობა აპირებს შეკრებას და გადაწყვეტილების კრებაზე მიღებას, ნამდვილად არასწორია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინოს ამ ჰესის მნიშვნელობა და გაგებით მოეკიდოს ამ საკითხს".
გელა სამხარაული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
„ველოდები კვლევის შედეგს, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო დადებს. ამ ეტაპზე არსებული დასკვნები არასაკმარისია და არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას შედეგზე, რაც შეიძლება ხუდონჰესის მშენებლობამ გამოიწვიოს. ყველა მონაცემი თუ მოგროვდება, შევძლებთ საფუძვლიან მსჯელობას და კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცემა. პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესებია გასათვალისწინებელი. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხუდონჰესთან დაკავშირებით დაიდება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს უნდა გავაცნოთ და შემდეგ გახდეს საზოგადოების მსჯელობის საკითხი.
რაც შეეხება სახალხო კრების მოწვევას, თემის ამგვარი ფორმულირება ჩემთვის ცოტა გაუგებარია. საკითხის ასე დასმა სწორი არ არის. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც მსგავსი იდეა დაებადათ."
გია ჟორჟოლიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
„სერიოზული თემაა, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოების განსჯის საგანი. ხუდონჰესის მშენებლობა სათუთ მიდგომას მოითხოვს ყველა იმ ორგანიზაციის თუ ცალკეული ადამიანების მხრიდან, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან პროექტში ჩართული. ჯერ უნდა დაიდოს დასკვნები, მოხდეს საკითხის ღრმა, საფუძვლიანი შესწავლა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება. პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა გავუწიოთ ანგარიში, რომლებიც ხაიშში ცხოვრობენ.
სახალხო კრებას დაარქმევენ თუ რას, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ადგილობრივების ჩართულობა დიდი იყოს ამ პროცესში. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამას უარყოფს. უბრალოდ, არ არის პროფესიონალების დასკვნები იმ მოცულობით, რომ ყველა კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობას გვაძლევდეს. ამ პროექტის განხორციელებისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსახლეობის ინტერესებია, სხვა მხრივ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ ქვეყანაში დიდი ჰესი აშენდეს. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია."