ბაჩო ახალაიას განცხადებით, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს, ხდებოდა ელცინის რუსეთში. როგორც თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა სააპელაციო სასამართლოში ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე პროკურატურის საჩივრის განხილვისას განაცხადა, მის წინააღმდეგ ბრალდებები კიდევ მოსალოდნელია. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბრალს წაუყენებენ ადამიანების მკვლეობებისთვის. ახალაიას შეფასებით, ეს ყველაფერი საზოგადოების შოკირებას ემსახურება, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ ამომრჩევლებს ვერც ერთი დაპირება ვერ შეუსრულა.
"რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს და კერავს საქმეებს, ხდებოდა ელცინის რუსეთში. გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, როგორ დაძრწიან პროკურორები გარკვეულ პირებთან და აიძულებენ ცრუ ჩვენების მიცემას. გვაქვს კონკრეტული მტკიცებულები, როგორც აკეთებენ ამას. ეს ხელისუფლება, რასაც აკეთებს, ყველაფერი ემსახურება ხალხის ხელახლა შოკირებას. მათთვის მთავარი ამოცანაა, ბრალის წაყენება და ზუსტად იციან, რომ განაჩენი ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით არ დადგება გამამტყუნებელი. ჩემს წინააღმდეგ 7 ბრალდებაა წარდგენილი და ყველამ კარგად დაინახა, რომ უმრავლესობაში გავმართლდით და ეს იყო შეთითხნილი ბრალდებები", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.