არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი დღეს პირველი საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. პროფესიული დღე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
სამხედრო მარალჩინოსნებმა, საარტილერიო ქვედანაყოფების ჯარისკაცები დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად და წარმატებით შესრულებისთვის დააჯილდოვეს მედლებით - "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", "სამშობლოსათვის თავდადებული", "გენერალი კვინიტაძე" და "გენერალი მაზნიაშვილი". არტილერიის დღესთან დაკავშირებით სამხედროებმა ოფიციალური მადლობა და სიგელებიც მიიღეს. დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებიც ესწრებოდნენ.
ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა არტილერისტებს მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის.
"მინდა ყველას მოგილოცოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიის დღე, ასევე მინდა მივულოცო ყველა საარტილერიო ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას, რომლებიც ამ წუთებშიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს", - აღნიშნა პოლკოვნიკმა ცუხიშვილმა.
"არტილერია ტრადიციულად ძლიერი იყო საქართველოში, შესაბამისად ყოველთვის, ყველა საომარ მოქმედებებში ჩვენ არტილერიას აქვს განსაკუთრებული როლი შესრულებული. რაც დრო გადის მით უფრო ძლიერი და სერიოზული დანაყოფები ყავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არტილერიის სახით, ეს არის ცოცხალი პროცესი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.