დღეს, თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო სექტორთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ დარჩიაშვილმა და თამარ ქაროსანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგან ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები და შენიშვნები მოისმინეს.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტი თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მიერ შემუშავდა. სამუშაო პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტის შემუშავების პროცესი სამ ეტაპად წარიმართა. აქტიური ფაზა 2013 წლის ივლისში დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდა სხვადასხვა ქვეყნის სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შესწავლა, უცხოური გამოცდილების გაზიარება, მათი ანალიზი და ქართულ რეალობაში ადაპტირება.
მეორე ეტაპზე პროექტის ინგლისურენოვანი ვერსია, შეფასების მიზნით, სამინისტროს უცხოელ ექსპერტებს გადაეგზავნა. რამდენიმე მნიშვნელოვანი განხილვის შედეგად დოკუმენტი დაიხვეწა.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტის შემუშავების ბოლო ეტაპზე, პროექტი შენიშვნებისა და საკუთარი წინადადების წარმოსადგენად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გადაეგზავნა. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები დოკუმენტის საბოლოო პროექტში აისახა.
ეროვნული სამხედრო სტრატეგიის საბოლოო პროექტი გასაცნობად საქართველოს პარლამენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.
შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გასაცნობად წარედგინა საქართველოს კანონპროექტი „თავდაცვის შესახებ", ასევე კანონებში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ" და „მობილიზაციის შესახებ" შესატანი ცვლილებები და ასევე ნატოს კეთილსინდისიერების შეფასების ანგარიში.