ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ ყოფილი შს მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეუღლის სოფიო ჩიქოვანის კომპანიიდან საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიიდან" თანხების უკანონო გადარიცხვასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 31 დეკემბრის N11ა/10154 განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს კომპანია „პრემის" და სამშენებლო კომპანია „ოლივდიზაინის" საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება, ამ უკანასკნელში 50%იანი წილის მფლობელად ფიგურირებს დავით კეზერაშვილის მეუღლე სოფიო ჩიქოვანი"- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში „ტაბულას" დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, დავით კეზერაშვილის ცოლის კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლის შესახებ გაავრცელა განცხადება.
"ჩემი დის კომპანიას ჩემს გვერდით სადარბაზოში ჰქონდა ოფისი ნაქირავები და გადაწყვიტეს, რომ ჩემს ბინასთან იყო კავშირში. ჩემი დის კომპანიაში შევიდნენ დღეს დილით. კეზერაშვილის ცოლი და ჩემი და არიან დამფუძნებლები. ალბათ კეზერაშვილზე უნდოდათ კომპრომატი, რა უნდა იპოვონ არ ვიცი, ყველაფრის აუდიტი გააკეთეს შარშან ამ დროს", -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.