"არის ეჭვი, რომ ლარის კურსის რყევა არის პროცესი, რომელსაც მთავრობა " აღნიშნულის შესახებ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, არის განცდა, რომ მთავრობა ზრდის ინფლაციის მოლოდინს და ფიქრობს ეს მისთვის იქნება სასარგებლო, ვინაიდან საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას.
„ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსთან მიმართებაში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ყოველთვის ვერიდებოდით ამ საკითხის პოლიტიზირებას, ვინაიდან ეს ეხება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის გაღარიბებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი მთავრობის წარმომადგენლობისაგან მოვისმინეთ უპასუხისმგებლო და ყოველგვარი ეკონომიკური ცოდნისგან შორს მდგომი განცხადებები, საჭიროდ ჩავთვალეთ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ მეტად მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს არის შედეგი იმ სუსტი, არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკისა (სხვათაშორის ჩვენი უცხოელი მეგობრებიც ამაზე საუბრობენ), რომელიც დღევანდელ მთავრობას 2013 წელს ჰქონდა. უფრო სწორედ, მთავრობას არ ჰქონდა არანაირი კონკრეტული გეგმა, არც ხედვა, არც კომპეტენცია და არც გამოცდილება, რამაც გამოიწვია სახელმწიფო ბიუჯეტის გარღვევა მილიარდ ლარამდე. არის ეჭვი, რომ ლარის კურსის რყევა არის პროცესი, რომელსაც მთავრობა ახალისებს. კერძოდ, არის განცდა, რომ მთავრობა ზრდის ინფლაციის მოლოდინს და ფიქრობს ეს მისთვის იქნება სასარგებლო, ვინაიდან საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვას.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მთავრობას: თუ იგი არ გაანალიზებს ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, არ შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, სამწუხაროდ ეს პროცესი გაგრძელდება და ქვეყანა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.
ახლა უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის სეზონური მოვლენა, როგორც ამას მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ თვეების განმავლობაში. მათი ეს განცხადებები აღმოჩნდა კიდევ ერთი ტყუილი ამ მთავრობის ტყუილების კასკადში.
ლარის კურსის ვარდნის შედეგად მოსახლეობამ, 2013 წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით, დაკარგა შემდეგი:
მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც აქვთ დოლარში აღებული სესხი, ჯამში დაკარგა დაახლოებით - 713 მილიონი ლარი;
მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც ლარში აქვთ საბანკო ანაბარი, ჯამში დაკარგა დაახლოებით - 415 მილიონი ლარი;
მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელთაც ლარში აქვთ ფიქსირებული ყოველთვიური შემოსავალი, ბოლო სამ თვეში ჯამში დაკარგა დაახლოებით - 210 მილიონი ლარი;
ლარის კურსის ვარდნის შედეგად სახელმწიფომ დაკარგა 320 მილიონი დოლარი სავალუტო რეზერვებიდან (2013 წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით);
პენსიონრები, რომელთა პენსიაც ჩვენ გავზარდეთ 2013 წლის ბიუჯეტში 150 ლარამდე, ჯამში, წელიწადში დაკარგავენ - 144 მილიონ ლარს (2013 წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით);
ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა აწყობს მხოლოდ მთავრობას, იმიტომ რომ მომავალი წლის სოციალური ვალდებულებების შესრულება უფრო იაფი დაუჯდება. თუ კურსი დარჩა იმ ნიშნულზე, რაზეც არის დღეს და კიდევ არ გაუარესდა, მაგალითად, თითოეული პენსიონერი ისევ აიღებს 150 ლარს ყოველთვე, მაგრამ ჯამში, მსყიდველუნარიანობის გაუარესების გამო, წელიწადში დაკარგავს დაახლოებით 211 ლარს, ანუ თვეში დაახლოებით 18 ლარს (2013 წლის 1 იანვრის კურსთან შედარებით);
2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობდით, რომ მთავრობა ცდილობს ძვირი ვალით დაფაროს აღებული სოციალური ვალდებულებები. სამწუხაროდ, ამას დაემატა ახალი რეალობა, როდესაც მთავრობამ დაიწყო აღებული ვალდებულებების დაფინანსება მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე და სწორედ ამას ემსახურება ლარის გაუფასურება"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.