ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მისი 70 წლის იუბილის საზეიმო ღონისძიებებით აღნიშვნის შემთხვევაში თანამდებობის პირების სამსახურიდან დათხოვნის პირობა დადო.
"ქვეყნის მასშტაბით არავითარი ოფიციალური იუბილე და არავითარი საზეიმო ღონისძიებები არ იქნება. ეს ბრძანებაა და მხედველობაში მიიღეთ", - განაცხადა ნაზარბაევმა და აქვე დასძინა, რომ საჩუქრების მიღებას არ აპირებს.
აღნიშნული განცხადება ნაზარბაევმა მხარეების ადმინისტრაციების, ასტანისა და ალმაატის ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე განაცხადა, სადაც ყაზახეთის ინდუსტრიულ-ინოვაციური განვითარების ფორსირებული პროგრამის საკითხები განიხილეს.
"თუ ვინმე ჩემი 70 წელის იუბილესთან დაკავშირებით რაიმე ქმედებას განახორციელებს სამსახურიდან განვათავისუფლებ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს 70 წელი 6 ივნისს უსრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ყაზახეთის დედაქალაქის - ასატანის დღე აღინიშნება და ის ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.