პარტიების აკრძალვა, ეს არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, მაგრამ რეალურად, ეს ნიშნავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დასამარებასაც, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიების აკრძალვას ექნება დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
„ძალიან კარგად იციან თავად „ქართულ ოცნებაში“, იცის ივანიშვილმაც, რომ პარტიების აკრძალვას ექნება ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს, მათ შორის, გამოიხატება პერსონალურ სანქციებშიც. ძალიან მალე, ოქტომბრის თვეში, გამოვა „ვენეციის კომისიის“ დასკვნა, იმ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავად შემოიღო და თავადვე გახდა ამ კანონმდებლობის ტყვე, რადგან არის შეზღუდული ცხრა თვიანი ვადებით. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ახალ-ახალი პარტიების დამატება, რათა გაიხანგრძლივონ ეს ვადა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჯერ მიღებული არ აქვთ, სხვა შემთხვევაში, უკვე მოქმედ სარჩელში დაამატებდნენ უბრალოდ ახალ სუბიექტებს და ეს ვადა კარგა ხნის ამოწურული იქნებოდა უკვე. ის, რომ კიდევ ახალი ცხრათვიანი ვადის დინება დაიწყო, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა მოჰყვება ამ ყველაფერს“,- განაცხადა სიორიძემ.