ვშიშობ, პუტინის ინიციატივა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გაუქმების სურვილით არ "დაგვირგვინდეს", - ასე აფსებს გაზეთ "პრემიერთან" საუბარში პუტინის ინიციატივას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, სწორედ ასეთ მოლოდინებს აფრქვევენ რუსი ექსპერტები, როცა საუბრობენ, რომ ახლო მომავალში რუსეთსა და სომხეთს საერთო საზღვარი ექნებათ. ლაგაზიძე აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო კავშირს ნიადაგი ეცლება.
"მე ვეყრდნობი თქვენი საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" მიერ გავრცელებულ, რუსი ექსპერტის მიხეილ ჩერნოვის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ "ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნების მოდერნიზების ხარჯზე სომხეთ-რუსეთს საერთო საზღვარი ექნება" და ამის განხორციელების სქემასაც სახავს. კერძოდ, თურმე ჯავახეთი უშუალოდ ესაზღვრება თრიალეთის ოსეთს (როგორც ჩანს, გულისხმობს ბორჯომის ხეობას), ხოლო ეს უკანასკნელი _ სამხრეთ ოსეთს. "სამხრეთ ოსეთის" საზღვრების საკითხი კი დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთანო", _ ასკვნის ჩერნოვი. და ამ პროექტის განხორციელებისას სამხედრო აგრესიის აუცილებლობასაც ვერ ხედავს, გულისხმობს რა საქართველოს უუნარობას, დაიცვას თავისი ტერიტორიები. ესეც ასე: გაიჭრა საზღვარი პირდაპირ რუსეთიდან სომხეთზე! ეს რას ნიშნავს?! იმას, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთსა" და დანარჩენ საქართველოს შორის რუსები საზღვრებს ისე გაავლებენ, რომ სომხეთზე პირდაპირი გასასვლელი გაჭრან, ანუ მათი ბინძური გაგებით "თრიალეთის ოსეთიც" მიითვალონ. ბლეფია?! ძალიან მინდა, რომ დაგეთანხმოთ. თუმცა, თუ ამ ყველაფერს რამდენიმე კვირის წინ პუტინის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებასაც დავუმატებთ, რომ რუსეთი კავკასიიდან კი არ მიდის, არამედ მოდის, მივხვდებით, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს. საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებას კი, რომელიც ყელმოღერებული გულუბრყვილოდ ამტკიცებს, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები ამოწურა, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე უმწვავესი გამოწვევები ელოდება", - აცხადებს ლაგაზიძე.