საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება. როგორც თემის კომენტირებისას ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განმარტა ,,ამერიკა როგორც საქართველოს მეგობარი დაინტერესებულია ქვეყანაში მიმდინარე კანონის უზენაესობის პროცესებით".
,,ეს მიუთითებს იმაზე რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით თანამშრომლობს არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ეუთოსთან, ევროკავშირთან. იცით თქვენ, რომ ეუთოს, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აკვირდება ამ პროცესს და ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმის თუ როგორ ღია და გამჭვირვალეა საქართველოს ხელისუფლება კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით", _განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიდგომას ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით და ხელახლა მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს სკულპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვან სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა",_ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად.
„შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს", _ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომლის ტექსტს ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს.