,,ბევრი თემაა, რომელსაც ყურადღება და ხელისუფლების სწორი ნაბიჯები სჭირდება", _განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ყველაფერი კანონიერად უნდა გააკეთოს, რათა კითხვები არ დარჩეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
,,აშშ და საერთოდ დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე საქმებს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კითხვები არ დარჩეს, არ იყოს სერიოზული ხარვეზები და დარღვევები. ეს ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველაფერი კანონიერად უნდა იყოს, არ უნდა უწყდებოდეს არჩეულ მერს უფლებამოსილება რამის საათებში. ბევრი თემაა, რომელსაც ყურადღება და ხელისუფლების სწორი ნაბიჯები სჭირდება ", -განაცხადა წერეთელმა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიდგომას ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით და ხელახლა მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს სკულპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვან სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა",_ ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად.
„შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს", _ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომლის ტექსტს ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს.