ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" ჟენევიდან საუბრისას აცხადებს, რომ მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე ქართულმა მხარემ მის მიერ დასმულ ვერც ერთ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი „არ თუ ვერ მიიღო".
„ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების პირველ ჯგუფში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საკმაოდ ცხარე დებატები იყო. მეორე ჯგუფში იხილებოდა ჰუმანიტარული საკითხები", _ აცხადებს ყოლბაია და აღნიშნავს, რომ ცხარე კამათი ჟენევაში ძირითადად პოლიტიკური საკითხების ირგვლივ მიმდინარეობდა.
„სხდომას თავიდან არ ესწრებოდა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი და ის მოლაპარაკებებს შემოუერთდა დღის მეორე ნახევარში. პირველ ჯგუფს ჩვენგან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზანკალიანი ხელმძღვანელობს. მთავარი განხილვის თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. ძირითადი დისკუსია წარიმართა ცეცხლის განუახლებლობის საკითხის გარშემო", _ აცხადებს ყოლბაია და აღნიშნავს, რომ რუსები არ არიან მზად, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღონ. საქართველოს პოზიცია კი ცხადია და ის არაერთხელ იქნა გაჟერებული სხვადასხვა დოკუმენტებში თუ განცხადებებით.
ამას გარდა, ყოლბაიას თქმით, აფხაზეთთან მიმართებაში საუბარი მიმდინარეობდა იქ არსებულ ვითარებაზე, კრიმინოგენულ სიტუაციაზე, იქ მცხოვრები ადამიანების გადაადგილების პრობლემაზე. „ამას დაემატა პასპორტიზაცის საკითხი, სოფლებისათვის სახელების გადარქმევის საკითხიც. ამ და სხვა თემებზე რა თქმა უნდა იყო საუბარი",_ განაცხადა ყოლბაიამ.
მისივე თქმით, ქართული მხარისათვის დამაკმაყოფილებელი პასუხები „ჩვენ ვერ თუ არ მივიღეთ. მაგრამ ფაქტია, საკითხების ნუსხა ისეთნაირად ყალიბდება, რომ რაღაც აუცილებლად გადასაწყვეტია".
მისივე თქმით, იყო მსჯელობა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ჯანდაცვის პრობლემები, ბავშვებისათვის სწავლის ნორმალური პირობების შექმნის პრობლემები.
„ეს პრობლემები არსებობს და ამაზე მკაფიო პასუხი მათი მხრიდან არ გვაქვს. ამიტომ გაჩნდა ასეთი წინადადებაც, რომ ჩვენი ოპერატიული რეაგირების თვალსაზრისით, წარმომადგენლები დასხდნენ და გაიარონ ეს საკითხები", _ აცხადებს ყოლბაია და აღნიშნავს, რომ დიალოგი აფხაზურ მხარესთან უფრო მშვიდ და საქმიან ვითარებაში მიმდინარეობდა ვიდრე ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებთან.
„ცხივალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იყო გარკვეული დაძაბულობა. ოსურმა მხარემ დააპირა ფილმის ჩვენება, რომელიც რამდენადაც ცნობილია აგებულია იმ ინცინდენტებზე, რომელსაც თითქოს ადგილი ჰქონდა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე და თითქოს ფილმით უნდა დადასტურდეს პროვოკაციები ჩვენი მხრიდან.
ეს ფაქტი იმდენად გამომწვევი იყო, რომ ამაზე რეაგირება საერთაშორისო წარმომადგენლება გააკეთეს",_ აცხადებს ჟენევაში მყოფი ყოლბაია.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 27-ე რაუნდი 2014 წლის 25-26 მარტს გაიმართება.