საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო ატაშეებს უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე წლიური ანგარიში წარუდგინა. შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა დიპლომატებთან თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და უწყების პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებების სისტემის დახვეწას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით, თავდაცვის უწყებაზე გაიზარდა საპარლამენტო კონტროლი, უწყება აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და რეგულარულად მართავს სამუშაო შეხვედრებს. სამინისტრო ასევე, შეუერთდა ნატოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების/კეთილსინდისიერების ამაღლების (Building Integrity) პროგრამას. მინისტრმა შეხვედრაზე ფინანსურ გამჭვირვალობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გაუმჯობესდა და მიმდინარე წელს ღია ტენდერების რიცხვი 70%-მდე გაიზარდა.
ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სფეროს გაუმჯობესება იყო.
2013 წლის მუშაობის შეჯამებისას, ირაკლი ალასანიამ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები გამოყო: „ეს არის ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ევროპის კრიზისების მართვის ცენტრთან საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა, ასევე, ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაცია. ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე და იმ დახმარებაზე, რომელსაც საქართველო ინსტიტუციურად იღებს ნატოსგან. საქართველოს შეუძლია გახდეს ექსპორტიორი იმ გამოცდილების, რომელიც ბოლო წლებში თავდაცვის სამინისტროს დაუგროვდა".
ატაშეებთან შეხვედრაზე ყურადღება პოსტ-ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე და, ასევე, ავღანეთში სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ანგარიშში ხაზი გაუსვა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალის (SEDM) ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობას, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. მან რეგიონში საქართველოს როლი გამოკვეთა და განაცხადა: „ჩვენ უკვე რეგიონული ქვეყნებისთვის სამაგალითო ვხდებით, თუ როგორ უნდა იმართოს თავდაცვის სისტემა სწორად, დემოკრატიულად, ტრანსფარენტულად".
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული რეფორმების წლიური ანგარიში ატაშეებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ წარუდგინა. მოხსენებისას, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, მათ შორის, სამხედრო განათლება და წვრთნა, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფისა და პერსონალის მართვის საკითხები.
გენერალ-მაიორმა სამხედრო ატაშეებს ქართული კონტინგენტის პოსტ-ISAF-ის პერიოდში ჩართვასა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან (NRF) მიერთებაზეც გაამახვილა ყურადღება. „ატაშეებთან შეხვედრებზე ყოველთვის განიხილება განვლილი გზა და ის საკითხები, რომლებიც მოგვარდა ან დამატებით შეთანხმებას და მოგვარებას მოითხოვს. საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში მყოფ ატაშეებთან მჭიდრო ურთიერთქმედება ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
თავდაცვის უწყების წლიური ანგარიშის დასასრულს, თავდაცვის ატაშეებმა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები