თელავის სამრეწველო ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობას დაუბრუნდნენ. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ინციდენტი ამოწურულია.
„გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. საგადასახადო ინსპექტორებს კანონი არ დაურღვევიათ. მოვაჭრეების წარმომადგენლებს შევხვდით, ვისაუბრეთ და ისინი უკვე დაუბრუნდნენ ბაზრობას", - განუცხადა გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
თელავის სამრეწველო ბაზარში რეგიონის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორები დღეს, 15:00 საათისთვის შევიდნენ. საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა სალარო აპარატების უქონლობის მიზეზით ინდმეწარმეები დააჯარიმეს და დახლებიდან ტანსაცმელი აყარეს. თვითმხილველთა ცნობით, საგადასახადო ინსპექტორებმა მოვაჭრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. რამდენიმე მოვაჭრე ავად გახდა.
ჯერ - ჯერობით უცნობია გააუქმებს თუ არა თელავის საგადასახადო ინსპექცია ინდემეწარმეების სახელზე შედგენილ სამართალდარღვევის ოქმებს.