ზაფხულის სეზონზე ( რომელიც 31 მარტიდან - 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება) თბილისის აეროპორტში, ფრენები განახლებული განრიგით შესრულდება და რეისების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს.
2012 წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით, წელს 9 წამყვანი ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით გაზრდილი სიხშირით იფრენს.
მაისიდან რომის მიმართულებით პირდაპირ რეისს კვირაში 2-ის ნაცვლად, უმსხვილესი იტალიური ავიაგადამზიდი „ალიტალია" უკვე 4-ჯერ შეასრულებს. რეისების რაოდენობას ზრდის, „ჩეხეთის ავიახაზებიც" , რომელიც აპრილიდან მგზავრებს, პრაღაში უკვე კვირაში 3-ჯერ ჩაიყვანს.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გასტანს, ფრენის სიხშირეს დაამატებენ ავიაკომპანიები: „ეარ ასტანა" „ფლაი ჯორჯია", „ლოტ პოლონეთის ავიახაზები" „სკატ ეარი", „თურქეთის ავიახაზები", „უკრაინის ნაციონალური ავიახაზები" და „იუტ ეარ უკრაინა".
ზაფხულის სეზონის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველად შესრულდება პირდაპირი რეისები: ბარსელონის, ბრიუსელის, სტოკჰოლმის და ვარნის მიმართულებით, რომელსაც ავიაკომპანია „Fly Georgia" შეასრულებს.
ახალი სეზონიდან ქართულ ავიაბაზარზე, რამდენიმე ახალი ავიაგადამზიდის შემოსვლაც იგეგმება, მათ შორის არიან: უკრაინული „ეარ ონიქს ეარლაინსი" (Air Onix Airlines) და „ისრეარ ეარლაინსი" (Israir Airlines). მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანია „ნოველეარ"-თან, ( Nouvelair) რომელიც პირველად შეასრულებს ჩარტერულ რეისებს, ტუნისის მიმართულებით.